ბოლო დღეების განმავლობაში ქართულ ონლაინ მედია სივრცეში, შვედეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ყალბი ამბები ვრცელდება. ამის შესახებ FactCheck-ს ინფორმაცია შვედეთში მცხოვრებმა მკითხველმა მოაწოდა.

ქართული მედია გამოცემები (პრაიმტაიმი, ალია, Nostal.ge, ინფო9, აფხაზეთის ხმა) აზერბაიჯანულ წყაროზე დაყრდნობით, წერენ, რომ „შვედეთმა კორონავირუსთან ბრძოლაზე უარი თქვა“. ფაქტ-მეტრი აღნიშნული ინფორმაციის სისწორით დაინტერესდა.

შვედეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 31 იანვარს დაფიქსირდა და ის უჰანიდან დაბრუნებულ ადამიანს აღმოაჩნდა. 19 მარტის მონაცემებით კი, შვედეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,300-ს გადააჭარბა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.

13 მარტს, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა, განაცხადა, რომ კორონავირუსი შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი საფრთხეა. მართალია, შვედეთის მთავრობამ მოქალაქეებს იტალიაში, ირანში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მხოლოდ ფორმალური რეკომენდაცია გასცა, თუმცა ლევენმა შვედებს არა აუცილებელი მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ დაჟინებით მოუწოდა. პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს ისიც განუცხადა, რომ სიტუაცია, შესაძლოა, სწრაფად შეიცვალოს, რის გამოც, ხელისუფლებამ კორონავირუსთან საბრძოლველად გარკვეული ზომები უკვე მიიღო.

იმისათვის, რომ სუსტი ხარისხის სიმპტომების მქონე ადამიანებმა სახლში დარჩენა შეძლონ და თან სამსახურში პრობლემები არ შეექმნათ, მთავრობამ მოქალაქეები დამსაქმებელთან ავადმყოფობის ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. ამგვარად, ადამიანები ვირუსს აღარ გაავრცელებენ, ხოლო ჯანდაცვის არსებული რესურსები მათ მოხმარდებათ, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება. ამასთან, გაუქმდა ეროვნული გამოცდები, რომლის ფარგლებშიც ტესტირება 70,000 ადამიანს უნდა გაევლო, ხოლო მასობრივი ყრილობები (500 ადამიანზე მეტი) აიკრძალა. შვედეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საპარლამენტო მუშაობის განხორციელებისთვის, თვის ბოლომდე, მხოლოდ 55 პარლამენტარის დასწრება იქნება საჭირო. აღნიშნული იმისთვის კეთდება, რომ პარლამენტარების დიდი ნაწილის დაავადების შემთხვევაში, პარლამენტმა მუშაობის გაგრძელება შეძლოს.

გარდა ამისა, 16 მარტს, სახლიდან მუშაობის შესახებ მოსახლეობის მიმართ რეკომენდაციებიც გაჟღერდა. მთავრობა ბიზნესისთვის დასახმარებლად 31 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს ამზადებს, ხოლო 17 მარტს ხელისუფლებამ სკოლებსა და უნივერსიტეტებს მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, ფორმალურად, მხოლოდ რეკომენდაციაა, მიიჩნევა, რომ მას სკოლები გაითვალისწინებენ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სასწავლო პროცესის სავალდებულო შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებასთან ერთად იქნას მიღებული. ამასთან, შვედეთის საზღვრები ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის (შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, ისლანდიისა და ნორვეგიის გამოკლებით) 19 მარტიდან ჩაიკეტება.

ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად შვედეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ყველაზე მკაცრი არაა, თუმცა იმის მტკიცება, რომ შვედეთმა კორონავირუსთან ბრძოლაზე უარი თქვა არასწორია. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის ვერდიქტით, გავრცელებული ინფორმაცია ყალბი ამბავია.

იხილეთ ფაქტ-მეტრის კიდევ ერთი სტატია იმაზე, თუ როგორ ებრძვიან სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსს.

თეგები: